რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირი სამწუხაროს უწოდებს
წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც რუსეთმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან რუსეთის ტერიტორიის თავზე.
ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელი შარშანაც დაბალი 44%-დან წელს ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე დაიწია.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სტანომ. .
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.