საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. გიორგი კალანდარიშვილმა მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
„საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და აქ არსებული ბიზნეს პროცესები ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს - ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზებას და, შედეგად, არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებას. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოვიდა საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სივრცის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, არაერთხელ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა აღნიშნული პროექტის განხორციელება“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 7 თვეში განხორციელდა, მთლიანი ტერიტორიის ფართობი 7118 კვ.მ-ია, შენობა ორსართულიანია და საერთო ფართი 5434 კვ.მ-ია.
შენობა ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართა, დამონტაჟდა სატვირთო ლიფტები, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელი და სამრეწველო მაგიდები, მოეწყო დაცვის სისტემები. შენობაში ასევე გამოყოფილია საოფისე, სასაწყობო, საოპერაციო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის დასაწყობება ხორციელდება სპეციალურ სივრცეებში განთავსებულ თაროებზე, ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით, ასევე უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება და ტერიტორიის დაცვა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.