საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. თუმცა აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას. ცესკო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკოს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.