საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში
მოგესალმებით ძვირფასო იმერლებო,
სიმბოლურია, რომ ჩვენი რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება იმართება ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო და საფუძველი დაუდო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანას.
იმერეთი არის მხარე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, მეცნიერების, ღვთისმეტყველების, ქართული კულტურის, მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, ხუროთმოძღვრების, ქართული სპორტის განვითარებაში. იმერეთი ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო. იმერეთში ცხოვრობს გამორჩეულად ღირსეული, თბილი, ნიჭიერი და ლამაზი ხალხი. მინდა დიდი სიყვარულით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთათურს, წყალტუბოელს, სამტრედიელს, ვანელს, ხონელს, ზესტაფონელს, ბაღდათელს, თერჯოლელს, ტყიბულელს, ხარაგაულელს, ჭიათურელს და საჩხერელს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კუთხის, იმერეთის შვილმა მოგვცა შესაძლებლობა, 2012 წელს გავთავისუფლებულიყავით ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. თქვენთან ერთად მინდა ამისათვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ყველას გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ძარცვა, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა. ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უცხოური აგენტურა და მისი სისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ჩვენს ქვეყანაში.
ამ ყველაფრის დაბრუნებას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს.
ჩვენ საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში ჰქონდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში და რომელიც ქმნის მყარ ნიადაგს საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის:
ეს იყო მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეების, რაც ჩვენ გავაკეთეთ გასული 12 წლის განმავლობაში და ჩამონათვალი იმ გეგმების რაც გვაქვს მომდევნო 4 წლისთვის. რასაკვირველია, ამ გეგმების განხორციელების აუცილებელი პირობა ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ახლაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მშვიდობიანი განვითარება. ასევე, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ ეს არის სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენი „ქართული ოცნება“, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება.
სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი.
26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!
ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს ქალაქს, ამ ულამაზეს მხარეს და სრულიად საქართველოს!
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06.07.2026.17:53
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.