საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 810,0 მილიონი ლარით იზრდება და 27 850,0 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 23 890,0 მილიონი ლარია (იზრდება 690,0 მილიონი ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 960,0 მილიონი ლარია (იზრდება 120,0 მილიონი ლარით).
მისი თქმით, გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად 3 008,0 მილიონ ლარს შეადგენს (იზრდება 326,7 მილიონი ლარით), არაფინანსური აქტივების (პრივატიზაცია) კლების მაჩვენებელი 130,0 მილიონი ლარით იზრდება და 480,0 მილიონ ლარს შეადგენს, ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი 450,0 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი 4 285,9 მილიონი ლარია (მცირდება 777,2 მილიონი ლარით).
როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 437,5 მილიონი ლარით იზრდება და 35 993,0 მილიონ ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 877,0 მილიონი ლარით იზრდება და 25 873,3 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საგადასახადო შემოსავლები 690,0 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი იზრდება 69,0 მილიონი ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 270,0 მილიონი ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადი - 256,0 მილიონი ლარით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი - 85,0 მილიონი ლარით და იმპორტის გადასახადი - 10,0 მილიონი ლარით.
მისივე თქმით, სხვა შემოსავლები 230,0 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები 43,0 მილიონი ლარით არის შემცირებული.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მილიონი ლარით იზრდება და 31 362,7 მილიონ ლარს შეადგენს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კანონპროექტის განხილვის შემდეგ, ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები მოისმინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარადგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა.
სხვა სიახლეები
არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის - კახა კალაძე
17.11.2026.14:31
თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით, დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ეს არ არის კამერებთან ავტომობილების გავლების ჯამური რაოდენობა, თითოეული ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რამდენმა კამერამ დააფიქსირა, სისტემაში მხოლოდ ერთხელ ითვლება.
„დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას და ქალაქში არსებულ საცობებს. მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.
ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიური საცობები გაორმაგებულ სატრანსპორტო დატვირთვას უკავშირდება.
„საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის. არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.