საფლაგმანო პროექტებისთვის, ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება - ოლივერ ვარჰეი
„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის, ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია“ - ამ სიტყვებით მიმართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილე დიპლომატებს. ვიდეო-მიმართვა კონფერენციის მსვლელობისას გადაიცა.
ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობას.
„ჩვენს გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება. ეს გეგმა მოიცავს შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტის გამოყოფას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოსახრული ვარ, რომ უკვე დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“ - განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებსაც მას ევროკავშირი სთავაზობს. თუმცა, როგორც ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. „გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.
26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.