საქართველო ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეის ერთგულია - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი ერთგულია.
"ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.
მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ქ. ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ კვლავ მოგახსენებთ მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას. ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენს ორ ქვეყანას შორის.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.