საქართველო მე-8 ადგილზეა 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში.
„საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში; საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში. ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) 2023 წლის ანგარიშის - „გამჭვირვალობა ომის დროს“ თანახმად, საქართველო მე-17 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანას და დიდი შვიდეულის 4 სახელმწიფოს; გარდა ამისა, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას; The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%. პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე საქართველომ მოიზიდა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რითაც კიდევ უფრო შეეწყო ხელი საქართველოს ჩამოყალიბებას მულტიფუნქციურ რეგიონულ ცენტრად, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ბიზნესს.
მაშინაც კი, როდესაც გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ 7 მილიონზე მეტ ტურისტს, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვან აღდგენაზე მეტყველებს, საქართველო ინარჩუნებს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, საქართველო ამ მხრივ მე-8 ადგილზეა ევროპაში და 21-ზე მსოფლიოში, რაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და პროფესიონალების დამსახურებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.