საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია -ალიხან სმაილოვი
საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება ,- ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ.
„საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები.
გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება",- განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.