საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - პრემიერი
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას. იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. მაგალითად, World justice project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდექსით ვუსწრებთ ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ლიდერი ვართ რეგიონში. Heritage foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის მსოფლიო რეიტინგში საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.
ჩვენ ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის.
დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება,
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.