საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს - ანდრეი პლენკოვიჩი
საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
„ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის.
დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას.
ხორვატია და საქართველო მოსახლეობის ნიშნით, გეოგრაფიული ნიშნით ძალიან მსგავსია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. მე მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა. რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები და საქართველო ამჟამად, რახან ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, ფორმალურად მოახდინა ანექსია რუსეთმა და ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ადრე ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთის ნაწილიდან თბილისამდე ადმინისტრაციული საზღვარი არსებობს და 40 წუთის სავალზეა დედაქალაქთან, ამიტომ, ძალიან ახლოს არის ეს ხაზი",- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.