საქართველოს მელიორაციის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
Business Insider Georgia-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ პირველ მოადგილედ გადადის ნინო თანდილაშვილი, რომელიც ამ დრომდე მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო თენგიზ ნასარიძე მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
თენგიზ ნასარიძე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2022 წლის 4 მარტიდან იკავებდა.
მანამდე 2018-2022 წლებში ის საქართველოს მელიორაციის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო, 2018 წელს შპს „ელიტა ბურჯის“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, 2013 - 2017 წლებში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. უფრო ადრე კი სურსათის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.