საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება.
შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს.
„დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენი მხრივ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ. სწორედ, ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, - განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება
„მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება დადებითი შედეგი ეს ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენს მიერ საერთაშორისო ვალდებულებებს. კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება.
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. დღევანდელ დღემდე მათ საქართველოში 10 წლიანი ცხოვრების ცენზი მოეთხოვებათ, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიიღებს, მათ 5 წელი მოეთხოვებათ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.