საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატება აღინიშნება, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია. განიხილეს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია. აღინიშნა, რომ 2023 წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა 1,766.1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 16.8 პროცენტით და 14,001.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.3 პროცენტი გაიზარდა და 4,075.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9,925.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, განხილული იქნა ანაკლიის პორტის განვითარების საკითხი. მოისმინეს კერძო პარტნიორის შერჩევის შესახებ ინფორმაცია. საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე.
აღინიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ, რომელიც 2024 წელს დასრულდება, ტვირთის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
შეხვედრაზე რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.
13 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში, გადამუშავებულია 51 ათასამდე ტონა ყურძენი, აქედან: 27 ათას ტონამდე - რქაწითელი, 20 ათას ტონამდე - საფერავი, 1,54 ათასი ტონა - კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 5600 მევენახე ფერმერმა ჩააბარა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.