საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ ,,უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, სალომე შაფაქიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას. ვიზიტი ასევე დროულია, ევროინტეგრაციულ კონტექსტშიც.
„წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ, ნატოს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში, მიმდინარე წლის 11-12 ივლისს გაიმართება"- აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.