საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით - ლევან დავითაშვილი
„საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის გაზით მომარაგების კუთხით, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რაშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა დღეს ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალზე სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პროექტის მიმდინარე საკვანძო საკითხები და მისი განვითარების სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს. მინისტრთა სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება საქართველოს აქტიური თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, იმისთვის, რომ ამ პროექტის შესაძლებლობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს და მან კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ევროპის გაზით მომარაგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაქოში მიმდინარე შეხვედრა საქართველოსთვის ასევე სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ის კარგი შესაძლებლობაა პარტნიორ ქვეყნებთან ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.