საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ მომხდარა - მინისტრი
არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.
ამიტომ ფინანსთა მინისტრი მოუწოდებს ყველას, რომ გადამოწმებული ინფორმაცია გავრცელდეს, სადაც ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური განმარტებაც იქნება.
„გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას ნახავდით იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა.
არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები - არცერთი ფაქტი, რომ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინცაა, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო, არ მომხდარა.
პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია.
სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ პრაქტიკულად არც ერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში. ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და ამაზე განმარტებების გაკეთება ხდება.
ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართოდ, ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით
ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, მეტი ყურადღება არსებობდეს, რადგან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.