სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცესკო აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლის შედეგები 8 ივნისს საჯაროდ განთავსდა ვებგვერდზე და ამავე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა მოსმენა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც მიღებული რეკომენდაციები ემსახურება პროცესის კიდევ უფრო დახვეწა/გაუმჯობესებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია. ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მანიპულაციური და დისკრედიტაციული განცხადებების ავტორებს საკმარისი იყო წაეკითხათ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც საჯაროდ იქნა განხილული პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებოდათ, თუმცა მათ ინტერესში არა სიმართლის გარკვევა, არამედ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციის დაზიანებაა.
საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ამომრჩევლის ინფორმირებას მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციით და არ დატოვებს უპასუხოდ მცდარი აღქმების შექმნის ნებისმიერ მცდელობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო - ნიკოლ ფაშინიანი
30.07.2026.16:36
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო.
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა. მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2024 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა. მაშინ ლუკაშენკომ თქვა, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების გარდა, სხვას არავის სჭირდება.
„საქართველოს სომხეთის რესპუბლიკა ძალიან სჭირდება. სომხეთის რესპუბლიკას ძალიან სჭირდება საქართველო. გერმანიას სჭირდება [სომხეთის რესპუბლიკა], საფრანგეთს, პოლონეთს, დიდ ბრიტანეთს“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში სომხეთმა საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოახდინა, მათ შორის რამდენიმე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.