ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომლითაც უნივერსიტეტები გააგრძელებენ მუშაობას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
11.11.2026.13:13
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.
11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.