სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო.
სასწავლო პროცესის დაწყების პირველ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ ტაბატაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმა ავთანდილ მიქანაძემ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და მათ წარმატება უსურვეს.
2026 წელს პირველად ამოქმედებულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ხარისხის განათლება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალისგან მიიღონ.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებასაც.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი მიენიჭებათ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
13.10.2026.11:56
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, საინვესტიციო, ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ვო თჰი ან სუანს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო.
მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებში განიხილეს.
საუბარი შეეხო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად გამოიკვეთა ინოვაციები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება და კვლევა. ყურადღება ასევე დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას.