საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს
მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა... ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას.
ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას.... სია შემიძლია გავაგრძელო... ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ. საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.