სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.
6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებენ.
ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.