სალომე ზურაბიშვილმა პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევისაკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს.
როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, არის საკითხები, რომელიც საბჭოზე უნდა განიხილონ:
„როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლო გავლენას ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერც ერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს უნდა ფლობდეს, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა; ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც კანონით ევალება საგარეო რისკების განსაზღვრა და ქვეყნის თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც ამ მდგომარეობაში საგანგაშოა.
ამიტომ იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც განხილული უნდა იყოს და დრო აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.