სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფეს წერილით ატყობინებს, რატომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფე ფილიპეს წერილით მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ ვერ მონაწილეობს „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში.
,,თქვენო უდიდებულესობავ,
გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადავცეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაციის სურვილი.
თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც 2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით.
სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.
თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა.
მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად.
იმედი მაქვს, რომ თქვენი უდიდებულესობა თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის კიდევ მრავალ წელს იღვაწებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ „ევროპალია საქართველოს“ და მადლობას ვუხდი თქვენს უდიდებულესობას იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც სამეფო ოჯახსა და ბელგიის მხარეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებაში შეაქვთ. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენ მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემა," - ნათქვამია წერილში.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.