სამ თვეში დეპუტატების მიერ სხვადასხვა უწყებაში გაგზავნილი 2 594 შეკითხვიდან პასუხი 79%-ს გაეცა - პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პარლამენტის წევრების 2 594 შეკითხვა გაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში. აქედან პასუხი გაეცა 2 038 კითხვას, რაც საერთო გაგზავნილი კითხვების 79%-ია. კითხვების 21%-ზე (556 კითხვა) პასუხი არ არის გაცემული. კითხვების ყველაზე მეტი რაოდენობა 84% გაგზავნილია მუნიციპალიტეტებში, მთავრობის წევრების მიმართ გაგზავნილი კითხვების რაოდენობა 9% შეადგენს, ხოლო სხვა უწყებების მიმართ 7%-ია გაგზავნილი.
„საპარლამენტო კონტროლის ეს მექანიზმი აქტიურად გამოიყენება დეპუტატების მიერ. ხოლო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების პასუხისმგებლობა დეპუტატის კითხვაზე რეაგირებასთან დაკავშირებით საჭიროებს მეტი ყურადღების გამახვილებას. ხშირ შემთხვევაში ირღვევა პასუხის გაცემის დადგენილი ვადა. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც პასუხის გამცემი პირი არ არის რელევანტური, ხშირად წერილს ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს. ასეთი შემთხვევა აღინიშნება გაცემული პასუხების 12%-ზე, რაც რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, კომიტეტი რეგლამენტის შესაბამისად განაგრძობს პროცესის შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს.
წარმოდგენილი ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის პარლამენტის ბიუროს გადაეცემა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.