სამთავრობო საკოორდინაციო კომისია არამხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე იმუშავებს, ვფიქრობთ, სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება - ლევან ჟორჟოლიანი
დღეს ჩატარდა სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა - აღინიშნა და გადაწყდა, რომ კომისია არამხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე იმუშავებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის შესაბამისი ჯგუფი საქართველოს პარლამენტში.
„ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად, პარლამენტთან კოორდინაციაში, ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება და, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ რას მოიცავს ეს ფასები, სად არის ფასნამატები, სად არის ფასნამატები არალოგიკური და არ შეესაბამება არსებულ ევროპულ პრაქტიკას,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.