მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა - ჭოუ ციენი

news image
mbc image

საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, და ასევე „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი პირველი პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


,,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წელია. სულ რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ურთიერთმისალოც წერილებში ერთობლივად განაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ. მოხარული ვარ, რომ ამ ისტორიული მომენტის აღსანიშნავად დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. საქართველოში ჩინეთის საელჩოს სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი დღევანდელი ღონისძიების ყველა სტუმარს, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეგობრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ და მხარს უჭერდნენ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას.

ოცდათოთხმეტი წლის წინ ჩინეთმა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა ქვეყანამ, აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. გასული 34 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო უცვლელად იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, ორმხრივი სარგებლისა, მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, განუწყვეტლივ აღრმავებდნენ პოლიტიკურ ნდობას, აფართოებდნენ პრაქტიკულ თანამშრომლობას და აძლიერებდნენ ხალხთაშორის მეგობრობას.

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი და საქართველო გახდნენ კარგი მეგობრები, რომლებიც ენდობიან ერთმანეთს, და გულწრფელი პარტნიორები თანამშრომლობაში. ორივე მხარე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის განვითარების გზას, რომელიც საკუთარი ხალხის მიერ არის არჩეული და ეროვნულ თავისებურებებს შეესაბამება, ასევე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის ძირითად ინტერესებს, სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, და ასევე „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი პირველი პარტნიორია.

2023 წელს ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, რითაც ორმხრივი ურთიერთობები განვითარების ახალ, სწრაფ ეტაპზე გადავიდა. მაღალი დონის და პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, გასული წლიდან ჩინეთს ეწვივნენ საქართველოს არაერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე. ამავდროულად, საქართველოს მრავალრიცხოვანი ჩინური დელეგაციაც ეწვია საერთო განვითარების და თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

საერთაშორისო გარემოში მიმდინარე ღრმა ცვლილებების ფონზე, ჩინეთმა და საქართველომ გააძლიერეს კომუნიკაცია და კოორდინაცია, ერთობლივად დაიცვეს მრავალმხრივი თანამშრომლობის პრინციპები, ხელი შეუწყვეს ღიაობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას და პოზიტიური წვლილი შეიტანეს რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.

ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართულებით, მიმდინარე წლის აპრილში მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების პროტოკოლს, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს და ამარტივებს პირდაპირ ინვესტიციებს ჩინეთსა და საქართველოს შორის. 2025 წელს ორმა ქვეყანამ გააფორმა თანამშრომლობის არაერთი შეთანხმება ავიაციის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სფეროებში.

ჩინური კაპიტალის მქონე BASIS Bank-მა წარმატებით შეიძინა Liberty Bank-ი და საქართველოს მესამე უმსხვილეს კომერციულ ბანკად ჩამოყალიბდა. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა განაგრძობს ზრდას და გასულ წელს 2.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-იანი ზრდაა.

მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტები, როგორიცაა ღვინო, სანელებლები და მინერალური წყალი, სულ უფრო სწრაფად იკავებს ადგილს ჩინურ ბაზარზე, ხოლო ჩინური წარმოების მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქცია დიდ პოპულარობას სარგებლობს ქართველ მომხმარებლებში.

ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით, 2024 წელს ძალაში შევიდა ჩინეთ-საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ორ ქვეყანას შორის მოგზაურობების რაოდენობა. გასულ წელს საქართველომ 128 ათასი ტურისტი მიიღო ჩინეთიდან, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ ჩინეთიდან 20 ათასს გადააჭარბა, რაც წლიურად 48.6%-იან ზრდას ნიშნავს.

მხარეებმა ხელი მოაწერეს უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შეთანხმებას, ხოლო ჩინური ენა საქართველოს საჯარო განათლების სისტემაში მეორე უცხო ენად იქნა შეტანილი. ბევრი ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად ჩინეთს ირჩევს.

პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში ამოქმედდა ჩინეთის უნივერსიტეტებში ქართული ენის პირველი სპეციალობა, რაც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და კულტურული გაცვლის შემდგომ განვითარებაში

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მეგობრებთან მქონდა შესაძლებლობა სიღრმისეული შეხვედრები და საუბრები გამემართა. ამ ურთიერთობებისას მთელი გულით შევიგრძენი ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობა, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობას მყარი საზოგადოებრივი საფუძველი აქვს, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების მომავალი ძალიან პერსპექტიულია.

2023 წლიდან ჩინეთის სიჩუანმა დამეგობრების ურთიერთობები დაამყარა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისთან. მსგავსი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ასევე გუიჯოუსა და იმერეთის რეგიონს შორის, აგრეთვე გუანდუნს, ქალაქ შაოგუანსა და რუსთავს შორის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხთაშორის მეგობრობასა და ადგილობრივ თანამშრომლობას.

ამ განსაკუთრებულ დღეს ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივად განაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დაფუძნების შესახებ. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპია და მომავლისკენ მიმართული სტრატეგიული არჩევანია.

ეს გადაწყვეტილება ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ დონეს, რომელიც საერთო გრძელვადიან ინტერესებს ეფუძნება, ასევე ჩვენს მტკიცე მზადყოფნას, ერთად გავიზიაროთ შესაძლებლობები, გავუმკლავდეთ გამოწვევებს და ერთობლივად ავაშენოთ უკეთესი მომავალი.

ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა უდავოდ მოიტანს ახალ სარგებელს პოლიტიკური ნდობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და თანამშრომლობის გამდიდრების მიმართულებით.

ახალი ეტაპიდან გამომდინარე, მზად ვართ ქართულ მხარესთან ერთად განვაგრძოთ მაღალი დონის ურთიერთობების გაღრმავება პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოება ორმხრივი სარგებლის მისაღწევად, ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერება ჩვენს ერებს შორის სიახლოვის გასამყარებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება სამართლიანობისა და თანასწორობის დასაცავად.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩინეთ-საქართველოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და განვითარდება, მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ხალხს და ახალ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და განვითარების საქმეში.

დაე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრულმა თანამშრომლობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს და ახალ წარმატებებს მოუტანოს ჩვენს ქვეყნებს”, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21.09.2026.14:44

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.

„მედიას აქვს განსაკუთრებული როლი საარჩევნო პროცესში - დაწყებული ამომრჩეველთა ინფორმირებით, გაგრძელებული საარჩევნო კულტურის ხელშეწყობითა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. სწორედ ამ მიზნით, პერმანენტულად ვმართავთ შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან და გვაქვს შესაძლებლობა არამხოლოდ მივაწოდოთ აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი - მათი კითხვები და რეკომენდაციები, სხვა რაკურსით დანახული პროცესი. აღნიშნული კი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ, ისევე, როგორც ვიფიქროთ პროცესის შემდგომ განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება როგორც მედიასთან, ისე სხვა ჩართულ მხარეებთან“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები, მედიის როლი და უფლებები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესში: მიმდინარე გამოწვევები და პრაქტიკული მაგალითები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა და პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე.

შეხვედრის ფარგლებში მედის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ცესკოს ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის და ახალი საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360°“-ის შესახებ. აღნიშნული გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა. ხოლო დეზინფორმაციის რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.

გაიმართა აქტიური დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა