საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.