საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.
დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
კანდიდატი ქვეყნები, აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ, რაც პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მუდმივმოქმედი ფორმატი იქნება.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა შემდეგი კონფერენცია 2027 წელს, მოლდოვაში გაიმართება.
სხვა სიახლეები
პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ
20.10.2026.21:04
საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.
როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.
მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.