საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.
ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.
ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიადი შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სხვა სიახლეები
პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ
20.10.2026.21:04
საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.
როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.
მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.