საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, PABSEC-ის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველოს ექვსი თვის განმავლობაში ეკავა, საბერძნეთის პარლამენტს გადასცა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარული სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში იმართება.
საბერძნეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფია ვულტეპსიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის სახელით, PABSEC-ის საპატიო მედალი გადასცა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტის, აფრიმ გაშის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის, PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილის ბორის კოლისნიჩენკოს მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.
სხვა სიახლეები
პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ
20.10.2026.21:04
საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.
როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.
მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.