საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ეს არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენს ქვეყნებს კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებობს მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი არის ახალი თავი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოში თქვენი ლიდერობით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და თქვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს",- განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის პოტენციალს და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.