საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია.
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.
ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
სხვა სიახლეები
ნინო წილოსანმა და შოთა ბერეკაშვილმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს
19.11.2026.15:54
საქართველოში მოქმედი ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, მის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით მიმართეს.
„საქართველო კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციას მეხუთედ მასპინძლობს. აღნიშნული ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების კუთხით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში დრამატული ცვლილებები განხორციელდა და ამ პროცესში კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ვმონაწილეობდით. განცალკევებით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში საკმაოდ შთამბეჭდავია, ვერ იქნება ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებელი. ამის მანიშნებელი ნამდვილად შეიძლება იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ ადამიანზე, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი პოლიტიკის, როგორც სახელმწიფო პროდუქტის, ასევე ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს მომხმარებლები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტად რჩება როგორც მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების კონტროლი, ისე თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობა და ის გამოცდილება, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებს აქვთ, ჩვენს ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „ჩვენ უკვე გავიარეთ მნიშვნელოვანი გზა მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი აღიარებიდან, მათ დაცვამდე. ახლა ჩვენი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის ეს უფლებები კიდევ უფრო ხელშესახები გავხადოთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის კონკურენტული და გამჭვირვალე გარემო შეიქმნას, რომლის პირობებში მომხმარებელი მიიღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე.
„პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ისეთი ბიზნესგარემოს შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარებას, ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, სერვისების მრავალფეროვნებას და შედეგობრივად, მომხმარებლის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრინციპებია: კონკურენციის გაძლიერება, პროცესების სისწრაფე და გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონკურენციის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. მისი თქმით, ღია ბაზრის პრინციპების გაძლიერებით შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციების სწრაფი დანერგვა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება.
შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, პროცესების სისწრაფისა და გამჭვირვალობისთვის, ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მკაფიო, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი გარემო. მისი თქმით, გამჭვირვალობა ამცირებს გაურკვევლობას, ზრდის ნდობას ბაზრის მონაწილეებს შორის და ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის პრინციპების გაძლიერება როგორც მარეგულირებელ პროცესებში, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
კომიტეტის თავმჯდომარემ მომხმარებელთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ფასების, ხარისხისა და პირობების შესახებ სრული, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს ბაზარზე არსებული შეთავაზებები და გააკეთოს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი.
„ეს მიმართულებები ერთმანეთის შემავსებელია და ჯანსაღი საბაზრო გარემოს საფუძველს ქმნის. ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საბანკო და საზედამხედველო სექტორებისა და 22 ქვეყნის ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.