საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.
მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება.
„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს", - აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.