საქართველოს პროკურატურამ, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.
სხვა სიახლეები
აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა | პრემიერი
09.10.2026.11:39
აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.
„როდესაც წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად, დეტალური პრეზენტაცია მივუძღვენი ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარი იყო არსებითად გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს რკინიგზა. ეს არც არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზაში გამორჩეულად ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. გასული წლის მაისში დაინიშნა ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად და მას შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ბევრი რამ საქართველოს რკინიგზაში. მთლიანად გადაიხედა კომპანიის მართვის კომერციული და საოპერაციო პროცესები. შემცირდა არაეფექტიანი ხარჯები, გაუმჯობესდა რესურსების მართვა და განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად 190 მილიონი ლარი დაიზოგა. ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ბუნებრივია, ეს დაზოგილი თანხები მთლიანად მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს რკინიგზის განვითარებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.