საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.
როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.
სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას.
შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს.
მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს.
სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს.
მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის.
სხვა სიახლეები
Cipriani-ის შემოსვლა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის | პრემიერი
04.11.2026.20:44
ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს, ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, Cipriani Batumi არის ახალი სიტყვა საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.
„მიხარია, რომ ამ მასშტაბური და მართლაც უნიკალური პროექტის წარდგენას ვესწრებით დღეს, ბათუმში. დღეს ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს უმაღლესი კლასის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს, Cipriani Batumi-ს. ეს შეიძლება, თამამად ითქვას, რომ არის ახალი სიტყვა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ეს არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 1931 წელს, ვენეციაში დაფუძნდა და ის მომსახურების დახვეწილი ხარისხით მსოფლიოს 19 ქალაქშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის, მონტე-კარლოს, დუბაის, მაიამისა და სხვა ქალაქების გვერდით, დღეს, ბათუმშიც იქნება მსოფლიო მასშტაბის ეს ბრენდი წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის არის, ნამდვილად, საამაყო მოვლენა.
ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს. ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის დასტურია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური ტენდენციების გარეშე ასეთი პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ამ ხუთი წლის განმავლობაში არის 9.3 % და ეს ციფრი უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას,"- აღნიშნა პრემიერმა.