საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ვიზიტების მზარდი დინამიკა და ორმხრივ თუ საერთაშორისო ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, პირველ რიგში, შიდა მობილობის თვალსაზრისით | რევაზ სოხაძე
18.11.2026.22:48
„ნებისმიერი ახალი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი გზა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საინჟინრო თვალსაზრისით გამორჩეული პროექტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა მობილობის გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დასრულდა უნიკალური თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი. 166 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიდის თაღი აშენდა. მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ძირითადი კონსტრუქციის მოწყობა გაგრძელდება.
„ქვეშეთი–კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, პირველ რიგში, შიდა მობილობის თვალსაზრისით. 23-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების შემდეგ თბილისიდან სტეფანწმინდამდე გადაადგილება დაახლოებით საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს ზამთარში ზვავსაშიშროების გამო გადაადგილების შეზღუდვის პრობლემას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 400 კილომეტრი მაგისტრალი აშენდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი 600 კილომეტრზე მეტი ახალი მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი.
რევაზ სოხაძის განცხადებით, მაგისტრალების მშენებლობასთან ერთად, პრიორიტეტულია რეგიონული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამ მიმართულებით, მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთში, რაც საქართველოს სამხრეთ რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.