საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენები არა მხოლოდ აუმჯობესებს დაკავშირებადობას, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ბიზნეს სექტორის თანამშრომლობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. კომისიის სხდომა თანათავმჯდომარეების რანგში მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა გახსნეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც ორმხრივ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახა.
„საქართველო და სერბეთი ინარჩუნებენ მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, განსაკუთრებით სამოქალაქო ავიაციაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის გაძლიერებასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. Air Serbia ახლა ასრულებს რეისებს ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით კვირაში სამჯერ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ, 2025 წლის მესამე კვარტალში სერბეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთანავე, პირდაპირმა ფრენებმა შეუწყო ხელი სერბეთიდან ტურისტების რაოდენობის 20%-ზე მეტად ზრდას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში.
„სერბეთი წარმოადგენს მიმზიდველ და მზარდ ტურისტულ ბაზარს საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ სფეროში კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის. სამთავრობათაშორისო ტურისტული შეთანხმება და ჩვენი ერთობლივი აქტივობები უკვე იძლევა მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გაღრმავებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საბერძნეთსა და სერბეთის რეპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან ბერიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.