საქართველოსთან ურთიერთობები აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ალი ასადოვი
საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ასადოვმა სიღნაღში, აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე გააკეთა.
ასადოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა წამყვან როლს ასრულებს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაში“, – განაცხადა მან.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აპრილში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტისა და მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის მნიშვნელობაზე.
„ამ ვიზიტებმა და მიღწეულმა შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული ხასიათი და დამატებითი ბიძგი მისცა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ურთიერთმხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში“, – განაცხადა ასადოვმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.