სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
აღჭურვილობის გადაცემა პროექტების - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
„ვახტანგისში სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვასა და დანაშაულთან, მათ შორის ნარკოტრეფიკთან, ბრძოლაში დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ გადავეცით ჩვენ ამ კონკრეტულ სასაზღვრო პუნქტს ტექნიკური აღჭურვილობა და მანქანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.