საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტია რესურსის, გვქონდეს მისი შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული იყოს შრომითი ბაზარი - ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ შრომით რესურსს ჰქონდეს უპირატესობა l შოთა ბერეკაშვილი
საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტი არის შრომითი რესურსის, გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული იყოს შრომითი ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ შრომით რესურსს ჰქონდეს უპირატესობა იმიტომ, რომ ზედმეტი კონკურენცია არ გვჭირდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებზე საუბრისას.
მისი თქმით, საბოლოო მიზანია, რომ იმ სექტორებისთვის, სადაც ადგილობრივი შრომითი რესურსის დეფიციტია მოხდეს კადრების გადამზადება.
„საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს ასეთ სისტემურ მიდგომას იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება დეფიციტური მიმართულებები. შევეცდებით, რომ ამ მიმართულებებზე გადავამზადოთ საკუთარი შრომითი რესურსი და საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ საკუთარი შრომითი რესურსით ჩავანაცვლოთ ის დეფიციტური სამუშაო ადგილები“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, ბიზნესის, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციებს, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები გააცნო, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება.
ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს და ნებართვის მიღება ფასიანია.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სამუშაო ნებართვა არ გაიცემა გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების გაწევაზე.
სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
13.10.2026.13:42
პარლამენტის თავმჯდომარე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი სტიმული.
შალვა პაპუაშვილმა ვიეტნამის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში.
ვო თჰი ან სუანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და კულტურის დაცვისკენაა მიმართული.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების პოტენციალი და სექტორული თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ბიზნესის, ინოვაციების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალზე.
ამასთანავე, აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვო თჰი ან სუანმა განაცხადა, რომ ვიეტნამი მზად არის, გახდეს ხიდი საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს მომავალ წელს, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთების ახალ დონეზე გადაყვანას.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.