სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება | ირაკლი კობახიძე
დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს! მიხარია, რომ გრძელდება ჩვენი ტრადიცია და დღესაც ერთად აღვნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ, გამორჩეულ დღეს.
საქართველოს რკინიგზის ისტორია ითვლის 154 წელიწადს. 1872 წლიდან იწყება ეს ისტორია, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა. მას შემდეგ, საუკუნე-ნახევარზე მეტია, რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება.
დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტებთან, ავტომაგისტრალებთან და აეროპორტებთან ერთად, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის რკინიგზის განახლება და გაძლიერება.
გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის ისტორიული მოდერნიზაცია, რომლის შედეგადაც გაორმაგდა გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდა გადაზიდვის დრო. ასევე ჩვენ დავასრულეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და რკინიგზის ამ მონაკვეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ოპერირება,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა | პრემიერი
09.10.2026.11:39
აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.
„როდესაც წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად, დეტალური პრეზენტაცია მივუძღვენი ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარი იყო არსებითად გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს რკინიგზა. ეს არც არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზაში გამორჩეულად ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. გასული წლის მაისში დაინიშნა ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად და მას შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ბევრი რამ საქართველოს რკინიგზაში. მთლიანად გადაიხედა კომპანიის მართვის კომერციული და საოპერაციო პროცესები. შემცირდა არაეფექტიანი ხარჯები, გაუმჯობესდა რესურსების მართვა და განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად 190 მილიონი ლარი დაიზოგა. ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ბუნებრივია, ეს დაზოგილი თანხები მთლიანად მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს რკინიგზის განვითარებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.