სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება - პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ოპოზიცია
ჩვენ 4 წლის თავზე ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, არის ცარიელი პიარი და სინამდვილეში ასეთ აქტებს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, გრძელდება არაერთი პროექტის განხორციელება, ვიწყებთ ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
05.10.2026.12:30
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.
ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.
45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.