შალვა პაპუაშვილი: ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა, მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით
სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ - აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, თავისი ევროპულობა უკვე განსაზღვრა, ვინაიდან, სწორედ ქართველები იყვნენ დასავლური კულტურის თანაშემოქმედები და ევროპის საწყისებთან დგანან.
„ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმენით თვითმყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი, ჩვენს ერს, თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა, გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია.“ - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06.07.2026.17:53
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.