შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ვლადიმირ ორლიჩს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე, საქართველოსა და სერბეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითად შეფასდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობაზე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ სერბეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დაიწყო ორმხრივი დიალოგი ევროკავშირის საკითხებზე და ხელი მოაწერა მემორანდუმს ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი გააცნო და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შალვა პაპუაშვილთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და ბექა ოდიშარია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„ვაფასებთ სერბეთის მზაობასა და სურვილს, გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესებზე. ვინაიდან სერბეთი უკვე ათწლეულია ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულად ღირებულია ამ გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე გამოვხატეთ საერთაშორისო დონეზე ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობა, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესს. გვჯერა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველო და სერბეთის რესპუბლიკა ასევე გააგრძელებენ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა ვლადიმირ ორლიჩმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურებაა. მისივე თქმით, სერბეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს.
„სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე. დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი",-განაცხადა ვლადიმირ ორლიჩმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.