შალვა პერანიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საბურთალოს მეოთხე ოლქის (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი) მაჟორიტარმა შალვა პერანიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, პარლამენტის წევრი აკაკი ალადაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
შალვა პერანიძემ დამსწრე საზოგადოებას მის სამაჟორიტარო ოლქში 2025-2026 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც მაჟორიტარისთვის, მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების და პრობლემების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. დეპუტატის თქმით, მაჟორიტარის ბიუროს აქტიური თანამშრომლობა მოსახლეობასთან ხელს უწყობს ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას, პრობლემური საკითხების შესაბამის უწყებამდე მიტანასა და მაჟორიტარის აქტიურ ჩართულობას პრობლემის გადაჭრის პროცესში. როგორც შალვა პერანიძემ განაცხადა, დიდ დიღომში, სოფელ დიღომსა და ვაშლიჯვარში მთავარ გამოწვევად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტრანსპორტის საკითხები იყო, რაც მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით დროულად გადაწყდა მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შალვა პერანიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოყო მათ შორის სოფელ დიღომში, ვახტანგ სონღულაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია; დიდ დიღომში, არჩილ მეფის, ფატმანისა და როსტევანის ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა, მდინარე დიღმურაზე ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია გახლავთ. როგორც შალვა პერანიძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე, რკინაბეტონის უსაფრთხო საავტომობილო ხიდი აშენდა.
რაც შეეხება ვაშლიჯვარში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შალვა პერანიძის თქმით, გრიგოლ ფერაძის I შესახვევში ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე მოეწყო ბორდიურები და სანიაღვრე ქსელი.
თავის ანგარიშში შალვა პერანიძემ განსაკუთრებული ყურადღება სამაჟორიტარო ოლქში ტრანსპორტის განვითარებაზე გაამახვილა. დეპუტატის თქმით, ამ მიმართულებით დიდი დიღმის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ტრამვაის ხაზის მშენებლობა - იწყება, რომელიც დიდ დიღომს მეტრო „დიდუბესთან“ დააკავშირებს. შალვა პერანიძის თქმით, ტრამვაის ხაზი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აშენდება და მოსახლეობის გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ამას გარდა, შალვა პერანიძის თქმით, დედაქალაქის მერიასთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობით მიმდინარე წელს დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებით დაიხაზა ე.წ ბასლაინი, რამაც უზრუნველყო დიდი დიღმის სატრანსპორტო ნაკადის შეუფერხებლად გადაადგილება უახლოესი მეტროსადგურის მიმართულებით. პარალელურად, N321 12-მეტრიანი ავტობუსი ჩანაცვლდა 18-მეტრიანი ავტობუსით, N293 ხაზს კი დაემატა 2 ერთეული ახალი ავტობუსი, ხოლო N306 ავტობუსს შეეცვალა მარშრუტი და ბელიაშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩის ბოლომდე გადაადგილდება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულმა ცვლილებებმა მგზავრთა ნაკადის გადაყვანის ხარისხი და დრო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
შალვა პერანიძემ მოსახლეობას ინფორმაცია მის სამაჟორიტარო ოლქში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებაც მიაწოდა. ამ მიმართულებით განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან საბურთალოს რაიონის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს.
საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გამწვანებული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დიდ დიღომში, როსტევანის და ასმათის ქუჩების კვეთაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე მოაწყო დასასვენებელი სივრცე და სკეიტ მოედანი; ასევე ტერიტორიაზე განთავსდა სასეირნო და ველო ბილიკები; დაირგო 600-მდე ძირი ხე-მცენარე. აგრეთვე რეკრეაციული სივრცე მოეწყო იოანე პეტრიწის ქუჩასა და დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ.
შალვა პერანიძემ საკრებულოში თავისი საქმიანობაც მიმოიხილა და იმ კომისიების მუშაობის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა წევრიც თავად არის, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიები. შალვა პერანიძის თქმით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით მუნიციპალიტეტი აქტიურად და ეფექტიანად მუშაობს, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების სხვადასხვა სახის დახმარებას, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობას, მოსახლეობისთვის სამედიცინო გამოკვლევების და მკურნალობის თანადაფინანსებას. შალვა პერანიძემ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია სრულად ანაზღაურებს.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის მუშაობას, შალვა პერანიძის თქმით, საანგარიშო პერიოდში კომისიის წევრები მულტიფუნქციურ და სპორტულ ცენტრებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ცენტრების საქმიანობას.
როგორც პრეზენტაციის დასასრულს შალვა პერანიძემ განაცხადა, იგი, როგორც საბურთალოს მეოთხე ოლქის წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში, მომავალშიც განაგრძობს მუშაობას უბნის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. მისივე თქმით, ამ პროცესში თბილისის საკრებულოს, საბურთალოს რაიონის გამგეობის და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვა სიახლეები
კახა ბერაძემ VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა
30.10.2026.19:39
დედაქალაქის VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც 2025 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, კახა ბერაძემ, წარადგინა.
კახა ბერაძე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის და სარევიზიო კომისიების წევრია.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში თბილისის საკრებულოს საქმიანობა დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
მათ შორის უნდა აღინიშნოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის, მიღების პროცესი - ბიუჯეტის პროექტის განხილვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დამტკიცება.
საანგარიშო პერიოდში სულ მოწვეული იქნა 18 სხდომა, რომლებზეც მიღებული იქნა 713 განკარგულება და 99 დადგენილება.
მომხსენებელმა დღესვე ფრაქციის სხდომების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 23 სხდომა, რომლებზე 43 საკითხი განიხილეს. მათ შორის ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორებიცაა დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, ურბანული თუ გარემოს დაცვითი პოლიტიკის საკითხები.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი კახა ბერაძე ასევე მონაწილეობდა დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
მისი თქმით, კომისიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს თბილისის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობასა და ქალაქის განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვას.
რაც შეეხება სარევიზიო კომისიას, კომისიის საქმიანობა დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისი მიმართულებების შესწავლასთან, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებისა და ფინანსური პროცესების საკითხების განხილვასთან, ასევე მუნიციპალური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შეფასებასთან კანონმდებლობითა და კომისიის უფლებამოსილებით განსაზღვრულ ფარგლებში.
კახა ბერაძემ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკრებულოს, ფრაქციისა და კომისიების მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება და დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.