შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტების არსებით როლზე საარჩევნო პროცესებში, ასევე აუცილებლობაზე საზოგადოებამ მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ და გამორჩეულად კი საარჩევნო პერიოდში.
ღონისძიებას ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირიც ესწრებოდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და იმ პროცესების შესახებ ისაუბრეს, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესში და უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ხორციელდება.
“ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც, რა თქმა უნდა, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, იმისთვის, საარჩევნო პროცესები აქტიურად გაშუქდეს, მნიშვნელოვანია მედიას მუდმივად მივაწოდოთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ დეტალები ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის დასრულებისას.
„იმისათვის, რომ მედიამ, სწორად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზება, იმისათვის, რომ გვყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, მნიშვნელოვანია მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით კი ჩვენი მხრიდან ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია თუ დამკვირვებელი არის ინფორმირებული. ამიტომ სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს შეხვედრებსა და საინფორმაციო სასწავლო პროგრამებს, რაც სწორედ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“ - აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა.
როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რითაც საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მჭიდრო, საქმიან ურთიერთობებს მედიასთან ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში.
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06.07.2026.17:53
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.