შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა.
მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2025-2026 წლებში, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2025 წელს, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი.
მიხეილ მაღლაკელიძემ საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ რიკაძე, მოადგილეები - ირაკლი თევდორაძე, დავით მდინარაძე, მერაბ არახამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა
21.08.2026.14:11
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ქრისტინე გრიგორიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქრისტინე გრიგორიანი, დელეგაციასთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.