შოვში დატრიალებული ტრაგედია თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში - შალვა პაპუაშვილი
ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა.
პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს, მაშველებს, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს, სოფ. გლოლის მოსახლეობას და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს.
„ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს; განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გოჩა ენუქიძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდი დღე და ღამე იმყოფება სტიქიის ზონაში და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი. როგორც იცით, ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილის განახლებული მონაცემებით ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი.
ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა სოფ. გლოლის მოსახლეობას, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის ადგილზე და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.