შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად - ირაკლი კობახიძე
მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.
„თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე.
ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21.09.2026.14:44
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
„მედიას აქვს განსაკუთრებული როლი საარჩევნო პროცესში - დაწყებული ამომრჩეველთა ინფორმირებით, გაგრძელებული საარჩევნო კულტურის ხელშეწყობითა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. სწორედ ამ მიზნით, პერმანენტულად ვმართავთ შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან და გვაქვს შესაძლებლობა არამხოლოდ მივაწოდოთ აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი - მათი კითხვები და რეკომენდაციები, სხვა რაკურსით დანახული პროცესი. აღნიშნული კი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ, ისევე, როგორც ვიფიქროთ პროცესის შემდგომ განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება როგორც მედიასთან, ისე სხვა ჩართულ მხარეებთან“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები, მედიის როლი და უფლებები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესში: მიმდინარე გამოწვევები და პრაქტიკული მაგალითები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა და პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე.
შეხვედრის ფარგლებში მედის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ცესკოს ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის და ახალი საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360°“-ის შესახებ. აღნიშნული გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა. ხოლო დეზინფორმაციის რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.
გაიმართა აქტიური დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.
სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო.